საზაფხულო ლიმონათების რეცეპტები
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.
ქვეყანა, რომელმაც მაღალი მოდა შექმნა, ახლა მისი ანტითეზის, სწრაფი მოდის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო მასშტაბური კანონმდებლობა ულტრასწრაფი მოდის ინდუსტრიის მიერ გარემოზე, ეკონომიკასა და სამუშაო სექტორზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.
საფრანგეთში კანონზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო, 2025 წლის ივნისში კი, მას სენატმა დაუჭირა მხარი. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ კანონი არ ეხება კონკრეტულ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად SHEIN და TEMU, არამედ ის სწრაფი მოდის საერთო სისტემის წინააღმდეგაა მიმართული.
კანონის მიხედვით, სწრაფი მოდის თითოეულ პროდუქტზე პროგრესული გადასახადი დაწესდება – საწყის ეტაპზე 5 ევრო, რომელიც 2030 წლისთვის 10 ევრომდე გაიზრდება. ამასთან, ისიც გათვალისწინებულია, რომ გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროდუქტის საცალო ფასის 50%-ს, რათა მომხმარებლებსა და მცირე ბიზნესზე არ გადავიდეს ზეწოლა (Article 2, III). მიღებული შემოსავლის ნაწილი კი ფრანგული მდგრადი მოდის ბრენდების მხარდაჭერას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა წარმოების განვითარებას ქვეყანაში (Article 2, IV).
საინტერესო ფაქტია, რომ აიკრძალება სიტყვა „უფასო“, როგორც მარკეტინგული და სარეკლამო ინსტრუმენტი კომერციულ სამყაროში (Article 1, V).
კანონი ასევე კრძალავს ულტრასწრაფი მოდის რეკლამას ყველა პლატფორმაზე – დაწყებული ტელევიზიით და ბილბორდებით, დამთავრებული სოციალური მედიითა და ინფლუენსერ მარკეტინგით (Article 3). კანონის ამ ნაწილის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობამ შესაძლოა 100 000 ევრომდე შეადგინოს.
რატომ არის სწრაფი მოდა პრობლემა?
სწრაფი მოდა დღეს პლანეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ინდუსტრიაა. მსოფლიოს მასშტაბით, სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 10% სწორედ ამ ინდუსტრიაზე მოდის – რაც იმაზე მეტია, ვიდრე საერთაშორისო ფრენებისა და საზღვაო გადაზიდვების გამონაბოლქვი ერთად.
ამავე დროს, სწრაფი მოდის ბრენდების ტანსაცმლის უმრავლესობა დამზადებულია სინთეტიკური ნაჭრებისგან, რომლებიც არაბიოდეგრადირებადია და დიდი ნაწილი, რამდენიმე გამოყენების შემდეგ, ნაგავსაყრელზე ან ოკეანეებში ხვდება.
საფრანგეთის ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებისთვისაც გახდება მაგალითი. სწრაფი მოდის ეპოქაში, როცა ყოველდღე ახალ-ახალ ნივთს ვყიდულობთ, საფრანგეთი გვეუბნება: დროა ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა კვალს ვტოვეთ ჩვენს უკან.