| ნინა სიმსივე |
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? მაღაზიებში წარმოდგენილი სასმელები, როგორც წესი, სავსეა შაქრით, ხელოვნური საღებავებითა და არომატიზატორებით, ამიტომაც სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევანს სახლში დამზადებულ გამაგრილებელ სასმელზე აკეთებს, რომელიც ჯანსაღი და ამავდროულად გემრიელია.
დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.
საზამთროს ლიმონათი
ეს ლიმონათი ნამდვილი საზაფხულო ჰიტია. ის ტკბილია, გამაგრილებელი და ჯინჯერის წყალობით, თან პიკანტურ გემოსაც ატარებს.

ინგრედიენტები:
300 გრამი საზამთრო;
10 გრამი ჯანჯაფილი (ჯინჯერი), გახეხილი;
1/2 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა;
1 ჩაის კოვზი შაქარი (შეგიძლიათ გემოვნებით დაარეგულიროთ);
1 ქილა ტონიკი (ან გაზიანი წყალი);
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი;
მომზადების პროცესი:
დაჭრილ საზამთროს გამოაცალეთ კურკები და მოათავსეთ ბლენდერში. შემდეგ, დაუმატეთ ლიმონის ცედრა, გახეხილი ჯანჯაფილი, შაქარი, ლიმონის წვენი და ტონიკი. ერთად მოთავსებული ინგრედიენტები დააბლენდერეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. საბოლოო მასა გააცივეთ მაცივარში, შემდეგ დაუმატეთ ყინულის კუბები და გემრიელად მიირთვით.
კიტრის ლიმონათი
კიტრის ლიმონათს სიჯანსაღისა და სიახლის მსუბუქი გემო აქვს.

ინგრედიენტები:
1 ჭიქა წყალი;
1/2 ჭიქა შაქარი;
1 ცალი კიტრი;
6 ცალი ლიმონი;
მომზადების პროცესი:
საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. სითხე მიიყვანეთ დუღილამდე, თან მოურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გაიხსნება. მიღებული სიროფი გააცივეთ მაცივარში.
პარალელურად, დაჭერით კიტრი და მოათავსეთ ბლენდერში. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე, შემდეგ კი, მიღებული მასა წვრილ საცერში გაწურეთ, რომ მხოლოდ წვენი დარჩეს. შემდგომ, გაწურეთ ლიმონები. მიღებულ ლიმონის წვენს შეურიეთ გაციებული შაქრის სიროფი და კიტრის წვენი.
სასმელი მაცივარში მოათავსეთ და სერვირების წინ დაუმატეთ ყინულის კუბები.
კენკრის ლიმონათი
კენკრის ლიმონათი კი, ნამდვილი ფერადი ფეიერვერკია. მისი მომჟავო-მოტკბო გემო და არომატი ზაფხულის განწყობას შეგიქმნით.

ინგრედიენტები:
20 გრამი ახალი პიტნა;
3 ცალი ლაიმი;
გაზიანი წყალი (გემოვნებით);
შაქარი (გემოვნებით, დაახლოებით 100-150 გრამი);
150 გრამი შინდი;
150 გრამი ჟოლო;
150 გრამი მაყვალი;
მომზადების პროცესი:
ქვაბში მოათავსეთ 100-100 გრამის შინდი, ჟოლო და მაყვალი. კენკრას დააყარეთ შაქარი, დაასხით 1 ჭიქა გაზიანი წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა გააცივეთ და შემდეგ გაწურეთ საცერში, რათა მხოლოდ წვენი დარჩეს.
ამის შემდეგ, გარეცხეთ ლაიმი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. გაცივებულ კენკრის წვენს დაუმატეთ დარჩენილი კენკრა, ლაიმის ნაჭრები და პიტნის ფოთლები. დაასხით დარჩენილი გაზიანი წყალი (გემოვნებით, სასურველი კონსისტენციის მისაღებად). მოათავსეთ ლიმონათი მაცივარში და მირთმევის დროს ყინულები არ დაგავიწყდეთ.