2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
სანტა-კლაუსი ხომ წარმოშობით ლაპლანდიიდან არის, მაგრამ ჰოლივუდმა ის ტრადიციულ ამერიკულ ბაბუად აქცია, რომელიც შობაზე ჯადოსნურობებს ატრიალებს. ზამთრის პირველი სუსხის დადგომისთანავე თითქოს ქარი ნიუ-იორკიდან უბერავს და ყურში ჩაგჩურჩულებს „ნიუ-იორკში გელოდები შობის დღესასწაულზე“. ახალი წლის შეგებება ნიუ-იორკში ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ქვეშ ყინულის მოედანზე სრიალს ნიშნავს, ასევე ზღაპრულად განათებულ ქუჩებს, ლამაზად მორთულ ნაძვის ხეებს, მხიარულებით სავსე საშობაო ბაზრებსა და მილიონობით ადამიანს ტაიმს სკვერზე, რომელიც ახალი წლის დადგომას ერთად ეგებება. თუ კი საშობაოდ ზღაპრული მიმართულება - ნიუ-იორკი აირჩიეთ, ჩვენ გირჩევთ:
დაესწროთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათების ცერემონიალს
ეს ტრადიცია 90 წელს ითვლის. როკფელერის ნაძვის ხის განათების ცერემონიალი სადღესასწაულო სეზონის მთავარი მოვლენაა. ღონისძიებაზე ტრადიციისამებრ წარმოდგენილია საკულტო Radio City Rockettes, ასევე საუკეთესო მომღერლებისა და ბენდების პერფორმანსი. წელს სეზონის გახსნა 1 დეკემბერს არის დაგეგმილი. როკფელერის საკულტო ყინულის მოედანიც აქვე შეგიძლიათ იპოვოთ, რომელიც 6 ნოემბრიდან უკვე ღიაა სტუმრებისთვის.
ისრიალოთ ყინულის მოედანზე
შეიგრძენით თავი ჰოლივუდის ფილმის გმირად, გაეშურეთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკულ ადგილას, უოლმანის მოედანზე, რომელიც ცენტრალური პარკში მდებარეობს და Serendipity-ს გმირებივით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ისრიალეთ ყინულის მოედანზე.
დაათვალიეროთ საშობაო ვიტრინები
საახალწლო ატმოსფეროს მხოლოდ ქუჩის მორთულობა როდი გვიქმნის. ამავე ფუნქციას ასრულებენ მაღაზიებს ვიტრინები და ბუტიკები. მეხუთე ავენიუზე გასეირნება, შოპინგს დროც რომ არ დაუთმოთ, ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით. ყოველწლიურად, საშობაოდ მანჰეტენის წამყვანი ბუტიკები გრანდიოზულ შოუს აწყობენ.
თითოეული მაღაზიის ვიტრინა მორთულია განსაცვიფრებელი განათებითა და გირლანდებით და თავისი უნიკალური თემა აქვს. ზოგი ინსტალაცია ზღაპრის თემატიკისაა, ზოგიც მოდერნისტული, თუმცა ყოველი მათგანი მოგვითხრობს საკუთარ ისტორიას და თითოეული მათგანი ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს ჰგავს.
იშოპინგოთ საშობაო ბაზრობებზე
ეჭვგარეშეა, რომ ნიუ-იორკი, მიუხედავად სეზონისა, შოპოჰოლიკების სამოთხეა. თუმცა, საშობაოდ ეს ქალაქი გარდა გასაოცარი ფასდაკლებებისა, საშობაო ბაზრობებს გვთავაზობს. ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი ბაზრობებია: Bryant Park's Winter Village, Grand Central Holiday Fair და Union square Holiday market. ავთენტური, ამერიკული წარმოების პროდუქციისთვის კი Grand Central Holiday Fair-ს ესტუმრეთ. ის Vanderbilt Hall-ში იმართება და ყველაზე ხანგრძლივი, დახურული ტიპის საშობაო ბაზრობაა ნიუ-იორკში.
მოიწყოთ საშობაო ფილმებით ინსპირირებული ტური
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, შობა-ახალი წელი ჰოლივუდმა ოფიციალურად ნიუ-იორკულ დღესასწაულად აქცია. ამ ქალაქში დეკემბერში უამრავი საინტერესო რამ ხდება, თუმცა თქვენი საშობაო არდადეგები არ იქნება სრულყოფილი, თუ კი თქვენი საყვარელი საშობაო ფილმების საკულტო ადგილის არ მოინახულებთ. აბა კარგად გაიხსენეთ, აი მე რომელი ფილმების კვალდაკვალ გავივლიდი - Elf, Scrooged, Home Alone 2.
დაესწროთ საახალწლო ბურთის ვარდნის საზეიმო ცერემონიალს
ტაიმს-სკვერი მიუზიკლის სცენას ჰგავს, მიუხედავად სეზონისა, აქ სულ რაღაც საინტერესო ხდება. დეკემბერში კი, ნეონის განათებებს ემატება შობის მაგიურობა და მოედანი ნამდვილ ჯადოსნურ ადგილს ემსგავსება. ახალი წლის ღამეს აქ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საახალწლო ბურთის ვარდნის ცერემონიალი იმართება. მოედანზე 1 მილიონზე მეტი ადამიანი იკრიბება არა მხოლოდ ბურთის საყურებლად, არამედ კარგი დროის გასატარებლად. ახალი წლის ღამეს ტაიმს-სკვერზე კონცერტები და სხვა კულტურული ღონისძიებები იმართება.
ესტუმროთ ნიუ-იორკის ყველაზე საშობაო უბანს
საშობაო მოგზაურობა ნიუ – იორკში სრულყოფილი არ იქნება, თუ კი ქალაქის ყველაზე საშობაო უბანს -Dyker Heights-ს არ ეწვევით. ამ სეზონზე ასიათასობით ადამიანი სტუმრობს სამხრეთ-დასავლეთ ბრუკლინის ამ იტალიურ-ამერიკულ ანკლავს. აქ თითოეული სახლი მორთულ მოკაზმულია ექსტრავაგანტური საშობაო განათებითა და დეკორაციებით, ზოგ ეზოში კი საშობაო წარმოდგენაც კი იმართება.