თბილისი მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც დღის ცხელ საათებში თავშესაფარს იპოვით, ხოლო საღამოს, ღია სივრცეში, გემრიელი კერძებისა და მუსიკის თანხლებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ტერასები, ეზოები და სიმწვანეში ჩაფლული კაფე-რესტორნები ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქალაქს. The Diary-ს რედაქციამ სწორედ ასეთი 12 ადგილი შეარჩია თქვენთვის.
CHEZ KINSKY
Chez Kinsky მყუდრო ბისტროა, რომელიც შუაგულ თბილისში ფრანგულ ატმოსფეროს ქმნის. დიმიტრი უზნაძის ძველი თბილისური ქუჩიდან, როგორც კი რესტორანში შეაბიჯებთ, ქალაქის ქაოსი კარს მიღმა რჩება და ჭეშმარიტად პარიზული ესთეტიკითა და გემოებით სავსე გარემოში მოხვდებით.

სტამბა
მელიქიშვილის გამზირზე, ძველი რედაქციის შენობაში მდებარე კაფე „სტამბა“, დიდი ხანია, თბილისში შეხვედრების ტრადიციული ადგილია. კაფეში მზარეულები ქართულ კერძებს განსხვავებულ ელფერს ანიჭებენ და საერთაშორისო სამზარეულოს გემოებსაც გვთავაზობენ.

ლოლიტა
„ლოლიტა“ კი ნიუ-იორკული ესთეტიკითაა შთაგონებული. ეს ადგილი ღამის კლუბისა და კოქტეილ ბარის საინტერესო მიქსს გვთავაზობს, სადაც კომფორტულ გარემოში შეძლებთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასიამოვნო დროის გატარებას. „ლოლიტა“ ვერაზე მდებარეობს და მე-19 საუკუნის სახლის სამ სართულს იკავებს, სადაც რესტორნის, ღამის კლუბისა და კოქტეილ ბარის სივრცეებია განთავსებული.

გიორგობისთვე
მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე, The Diary-ს რედაქციის მეზობლად, მდებარეობს რესტორანი „გიორგობისთვე“, რომელიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, ადგილობრივ ღვინოსა და ტერასას სთავაზობს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ქართული კერძები. თუ სტუმრობას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეუკვეთეთ ჭვიშტარი და ბებოს სალათი – გვერწმუნეთ, მოგვიანებით რეკომენდაციისთვის მადლობასაც გადაგვიხდით.

იაკობის ეზო
ქართველი მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, უნიკალური ბარ-რესტორანი „იაკობის ეზო“ დაგხვდებათ. „იაკობის ეზოს“ ისტორიულ, წყნარ ატმოსფეროში მშვიდად საუზმობას შეძლებთ ან შუადღის სიცხეს შეაფარებთ თავს, საღამოს კი გემრიელი კოქტეილით დააგვირგვინებთ.

ნინიას ბაღი
თუ იცოდით, რომ მე-19 საუკუნის თბილისში ბაღებში შესვლა ფასიანი ყოფილა, თუმცა არსებობდა „ნინიას ბაღი“, რომლის მეპატრონეც სტუმრებს უფასოდ მასპინძლობდა. თანამედროვე თბილისში კი, რამდენიმე წლის წინ, ძველისა და თანამედროვე ესთეტიკის შერწყმით, რესტორანი „ნინიას ბაღი“ გაჩნდა. მისი ინტერიერი მზით, ხის დახვეწილი ავეჯითა და ქართველი მხატვრების – მაია სუმბაძისა და გიორგი მასხარაშვილის ნამუშევრებითაა დახუნძლული. უზარმაზარი სივრცე, თავისი ეზოთი და შადრევანით, რომელიც ადრე დიდი ოჯახის სახლი იყო, დღეს თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია სასიამოვნო დროის გასატარებლად.

SWISS CAFE
Swisshotel-ის სასტუმროს ლობიში Swiss Café მდებარეობს, სადაც გემრიელი დესერტების მრავალფეროვანი მენიუ დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ შვეიცარიული შოკოლადები, ნამცხვრები, ყავა და ჩაი. კაფეში ღია სივრცესთან ერთად, სამუშაო სივრცეცაა გამოყოფილი და იდეალური გარემოა მუშაობისთვის. საღამოს კი მშვიდ გარემოში, კოქტეილებისა და ღვინის მირთმევაა შესაძლებელი.

ჩვენი
რესტორანში „ჩვენი“ შეფ გურამ ბაღდოშვილის გემრიელი და ექსპერიმენტული სამზარეულო დაგხვდებათ. აქ აზიური კერძების მირთმევასაც შეძლებთ, ქართულ სამზარეულოს კი სულ სხვა კუთხით გაიცნობთ. და, რა თქმა უნდა, სიმწვანეში ჩაფლული გარე სივრცეც დაგხვდებათ.

ქეთო და კოტე
„ქეთო და კოტე“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული რესტორანია. მისი ტერასა ოაზისს მოგვაგონებს და იდეალურია რომანტიკული ან სადღესასწაულო ვახშმისთვის.

CASA FIORI
Casa Fiori კი შუაგულ თბილისში, იტალიურ ესთეტიკაში გახვეული რესტორანია. აქაურობა მთლიანად ხელითაა მოხატული და დახვეწილ გარემოსთან ერთად, ავთენტური იტალიური გემოებითაც გამოირჩევა. კერძების მენიუც იტალიურია და Casa Fiori-ს მზარეულების საინტერესო გემოვნური ექსპერიმენტებით მზადდება.

RADIO CITY
თბილისის გარეუბანში, გლდანისა და მუხიანის უბნების გასაყარზე, მოდერნულ და კრეატიულ სივრცეში რესტორანი Radio City დაგხვდებათ. რესტორანი გახსნისთანავე გახდა It Place, სადაც სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანები ყოველდღე იკრიბებიან. ამერიკული სტილის მენიუთი, გემრიელი პიცით, ბურგერითა და კოქტეილებით Radio City Diner იდეალური ადგილია ყველასთვის, ვინც ახალ კულინარიულ გამოცდილებას ეძებს.

CHICOS
და ბოლოს, ჩვენი რედაქციის ერთ-ერთი საყვარელი ლოკაცია – Chicos, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ კერძებს გვთავაზობს. Chicos გამოირჩევა თანამედროვე ინტერიერით, წითლისა და თეთრის ესთეტიკითა და სიმწვანეში ჩაფლული ტერასით. ხმაურიანი ცენტრალური ქუჩიდან შეგიძლიათ პატარა ჩიხში შეუხვიოთ და სიწყნარეში, გემრიელი და მსუბუქი გემოებით დატკბეთ.
