მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია ვაკანტური აღარ არის. დიდი მოლოდინის შემდეგ, ანა ვინტურმა Vogue-ის ამერიკული გამოცემის სარედაქციო კონტენტის ხელმძღვანელად ქლოე მალი დანიშნა. ეს არის ახალი თავი ჟურნალის ისტორიაში და მნიშვნელოვან ცვლილებს მოასწავებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მალის როლი ზუსტად იგივე არ არის, რაც მთავარი რედაქტორის თანამდებობა, რომელსაც ვინტური თითქმის 40 წლის განმავლობაში იკავებდა.
ის, თუ ვინ შეცვლიდა ოდესმე ლეგენდარულ ანა ვინტურს, მოდის სამყაროში ყოველთვის აქტუალური კითხვა იყო. საბოლოოდ კი ვინტურმა არჩევანი სანდო და გამოცდილ კოლეგაზე შეაჩერა. 39 წლის ქლოე მალი 2011 წლიდან Vogue-ში მუშაობს და ჟურნალის ციფრულ ეპოქაზე გადასვლაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.
2023 წლიდან, როგორც Vogue.com-ის რედაქტორმა, მალიმ ორჯერ გაზარდა საიტის აქტიურობა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა უნიკალური ნახვები და მკითხველის მიერ საიტზე გატარებული დრო, განსაკუთრებით ისეთი ღონისძიებების დროს, როგორიცაა Met Gala. მალის ინიციატივით შეიქმნა ახალი ფორმატები: Dogue და Vogue Vintage Guide. ის პოდკასტის The Run-Through with Vogue თანაწამყვანიც გახლავთ.
მიუხედავად ამ ცვლილებისა, 75 წლის ვინტური Vogue-ს არ ტოვებს. ის Condé Nast-ის გლობალური კონტენტის დირექტორისა და Vogue-ის გლობალური სარედაქციო ხელმძღვანელის როლზე აგრძელებს მუშაობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკული გამოცემის ყოველდღიურ მართვას მალი ჩაუდგება სათავეში, ხოლო ვინტური უფრო დიდ პასუხისმგებლობებს აიღებს და საერთაშორისო გამოცემებზე იქნება კონცენტრირებული.
ქლოე მალი დედასთან, ქენდის ბერგენისთან ერთად
ქლოე მალის სახელი მოდის კულისებს გარეთ ნაკლებად ცნობილია, თუმცა მას ძალიან წარმატებული კარიერა აქვს. ის მსახიობ ქენდის ბერგენისა და ფრანგი რეჟისორის, ლუი მალის, ქალიშვილია. Vogue-ში კარიერა მან 2011 წელს დაიწყო, როდესაც სოციალურ და საქორწილო კონტენტს უძღვებოდა.
მალის თქმით, თავიდან მოდა მისი მთავარი ინტერესი არ იყო: „უფრო მწერლობა მინდოდა, ვიდრე რედაქტორობა, მაგრამ Vogue-ის სამყარო იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე“.
ჟურნალისტური გამოცდილებისა და ციფრული ინოვაციების ცოდნამ სწორედ მალი აქცია იმ ადამიანად, რომელსაც დღეს Vogue-ის ამერიკული გამოცემის შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელობა ჩაბარდება.
„Vogue-მა შემქმნა იმად, ვინც ახლა ვარ. მიხარია, რომ ახლა თავად უნდა მივიღო მონაწილეობა Vogue-ის მომავლის ფორმირებაში“, – ქლოე მალი.
ვენეციის კინოფესტივალზე შეილინ ვუდლიმ ერთდოურლად ახალი ფილმის პრემიერა და თავისი დებიუტი აღნიშნა. ახალგაზრდა მსახიობმა სამი შესანიშნავი ლუქი შემოგვთავაზა, მინი-კაბიდან დაწყებული, უნაკლო Fendi-ს ლუქით დამთავრებული.
სულ ხუთი დღეღა დარჩა შემოდგომამდე და გრილი დღეებისთვის გარდერობის განახლება თუ გაქვთ დაგეგმილი, მაშინ ჩვენ ამ სეზონის ყველაზე ტრენდულ, თუმცა დახვეწილ ფერთა პალიტრას გაგაცნობთ.
გიორგი მიქაუტაძე Ligue 1-ის გახსნის ტურზე Labubu-ს ტრენდული აქსესუარით გამოჩნდა. ქართველი ბომბარდირი ამჯერად მოედნის მიღმაც მოხვდა ყურადღების ცენტრში – Louis Vuitton-ის ჩანთაზე მორგებული Labubu-ს სათამაშოთი.