ბარსელონა საქვეყნოდ ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი არქიტექტურით და ადამიანით, რომელსაც ამ არქიტექტურის ფორმირების პროცესში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის. სწორად მიმიხვდით, საუბარი მაქვს ანტონი გაუდიზე, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე აღსაფრთოვანებელ ფიგურაზე არქიტექტურის ისტორიაში, რომელმაც თავისი უნიკალური და ინოვაციური ნამუშევრებით, ბარსელონა ღია ცის ქვეშ გამოფენილ სამუზეუმო ექსპონატად აქცია.
ანტონი გაუდისეული ეკლექტიკა, მისეული გამბედაობა და ღრმა კავშირი ბუნებასთან დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ჩემს სამოგზაურო სიაში მოწინავე პოზიციას და საბედნიეროდ, Turisme de Barcelona-სთან ერთად, ამ ზაფხულს შესაძლებლობა მომეცა საკუთარი თვალებით მეხილა უდიდესი გენიოსის ყველაზე ცნობილი შედევრები და მათი გავლენის კვალი არქიტექტურულ ლანდშაფტებზე.
ბუნების არქიტექტორად წოდებული გაუდი, ყოველთვის ღრმად შთაგონებული იყო ბუნების სილამაზითა და სრულყოფილებით. პროფესიულ გზაზე გადადგმულ პირველივე ნაბიჯებში გაუდი ახერხებდა იმას, რომ ბუნების სიბრძნისთვის მიებაძა და საკუთარი შემოქმედებით, სამყაროს შესახებ მისეული ხედვა გაეღრმავებინა. გაუდის თითოეული ნამუშევარი არა განცალკევებულად, არამედ ბუნებასთან ჰარმონიულ სინთეზში თანაარსებობს, ამის ნათელი მაგალითია ბარსელონას პანორამულ გორაკზე არსებული Park Güell - მოზაიკის ფერების, რთული დეტალებისა და ტექსტურის საოცრებათა ქვეყანა. საცხოვრებელ კომპლექსად ჩაფიქრებული Park Güell, დღეს საჯარო სივრცეს წარმოადგენს და ყოველწლიურად, მილიონობით ვიზიტორს ფანტაზიისა და ჰარმონიის სამყაროში უღებს კარს.
ალბათ გაუდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, Sagrada Família Basilica არის ეპიკური ძეგლი, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. გაუდიმ თავისი ცხოვრების ბოლო წლები სრულად მიუძღვნა ამ პროექტს, ეკლესიის კოშკები და რთული ფასადები კატალონიელი გენიოსის ხედვისა და უნიკალურობის დასტურია, რომლის თითოეული დეტალი მნახველს საათების განმავლობაში აღაფრთოვანებს. შობის ფასადი, თავისი დეტალიზებული ქანდაკებებით, რომლებიც ასახავს ბიბლიურ სცენებს, და ვნების ფასადი, უფრო მკაცრი და ვერტიკალური ხაზებით, ასახავს გაუდის ოსტატობას რელიგიური სიმბოლიზმისა და ინოვაციური არქიტექტურის შერწყმის საკითხში. ვიტრაჟში გაფილტრული ბუნებრივი სინათლე კი ქმნის მისტიკურ ატმოსფეროს, გარდაქმნის ბაზილიკას ჭვრეტისა და სულიერების ადგილად.
გაუდიმ ასევე წარუშლელი კვალი დატოვა Casa Batlló-ს კერძო რეზიდენციასა და საცხოვრებელ კორპუს La Pedrera-ზე. ორივე სტრუქტურა ნათლად მიანიშნებს გაუდის ფანტაზიის უკიდეგანობაზე. Casa Batlló, თავისი ტალღოვანი ფასადით და ზღვის არსებების ნიღბების მსგავსი აივნებით, გადმოსცემს მოძრაობის განცდას. ანალოგიურად, La Pedrera-ს აქვს არარეგულარული ფასადი ექსტრავაგანტული ფორმებით და უნიკალური შიდა ეზოთი. ეს ნამუშევრები ცხადყოფს, თუ როგორ შეძლო გაუდიმ ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას შორის გასაოცარი ჰარმონიის შექმნა.
1926 წელს გაუდის უდროო გარდაცვალების მიუხედავად, მისი გავლენა თანამედროვე არქიტექტურაზე დღესაც აშკარაა. გაუდის ორგანულმა მიდგომამ და მასალების ინოვაციურმა გამოყენებამ შთააგონა დიზაინერების მრავალი თაობა, რომლებმაც სრულად გაითავისეს მისი ეკლექტიკური ხედვა და ბუნების სიყვარული.
არქიტექტურისა და ბუნების ანტონი გაუდისეულმა შერწყმამ დატოვა ხანგრძლივი მემკვიდრეობა, რომელიც ამდიდრებს ქალაქ ბარსელონას და შთააგონებს არქიტექტორებს მთელ მსოფლიოში. გაუდის სამყარო არის ერთგვარი მოსაწვევი, ჰარმონიისა და სილამაზის აღმოსაჩენად, რომელიც ხელოვნებისა და ბუნების გადაკვეთის წერტილში შეიქმნა.
თუ ამ ზაფხულს, ან უახლოეს მომავალში ბარსელონაში მოგზაურობას გეგმავთ, ანტონი გაუდის სამყაროს გარდა აქ ათეულობით must see ლოკაცია დაგხვდებათ, რომელთა შესახებაც უახლოეს დღეებში გიამბობთ, თვალი მიადევნეთ The Diary-ს.
თბილისიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე „შატო მერე“ მდებარეობს - თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზით შექმნილი სივრცე, რომელიც სასიამოვნო დასვენებას გვპირდება. შატო მერე 10 მაისს ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტს უმასპინძლებს და ქალაქის ხმაურით გადაღლილ, სიმშვიდეს მოწყურებულ სტუმრებს ელოდება.
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
იტალიური ფილერების ხაზი Stylema იმ იშვიათ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში MDR სერტიფიკატით გამოიყენება. იგი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. Stylema-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „სკინოთეკა“.