საზაფხულო სალათების რეცეპტები
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სადილსა და ვახშამზე სალათა საუკეთესო არჩევანია. თუ კლასიკური რეცეპტები მოგბეზრდათ, ჩვენი საზაფხულო რეცეპტებით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი კერძი.
ლენი კრავიცის პარიზული ისტორია 1989 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც სუპერვარსკვლავი სიყვარულის დედაქალაქს სადებიუტო ალბომით Let Love Rule ეწვია. მომღერალს მაშინვე შეუყვარდა საფრანგეთის დედაქალაქი და 2000-იან წლებში იქ პატარა ბინის შეძენა გადაწყვიტა, რათა განმარტოებულიყო და მუსიკა შეექმნა. თუმცა, ამ ძიებაში ლენიმ უზარმაზარ ვილას მიაგნო, რომელშიც უკვე 22 წელია ცხოვრობს.
პარიზის სახლში ლენი ხშირად წერს ახალ სიმღერებს, ისვენებს ევროპული ტურნეების შემდეგ და შვილთან, ზოისთან ერთად დროს ატარებს. წლის მეორე ნახევარში კი ბაჰამის კუნძულ ელიუთერაზე ან ბრაზილიის რანჩოზე მიემგზავრება.
ლენი კრავიცი თავის პარიზულ რეზიდენციას Hotel de Roxy-ს უწოდებს. სახელი მომღერლის დედის, მსახიობ როქსი როკერის ხსოვნას ეძღვნება. როქსი მთელი ცხოვრება პარიზში ცხოვრებაზე ოცნებობდა, თუმცა ეს სურვილი ვერ აისრულა. ლენიმ ფრანგი არისტოკრატების სტილში მოწყობილი ვილა სწორედ მას მიუძღვნა – სივრცე, რომელიც თავისი ესთეტიკითა და განწყობით თითქოს თავად როქსისთვის შეიქმნა. ამ გზით, სიმბოლურად მაინც, როქსიმ პარიზში ბინა დაიდო.
1920-იან წლებში აშენებული სახლი პრესტიჟულ მე-16 უბანში მდებარეობს და თავდაპირველად დოვილის ყოფილი მერის, ანა დ'ორნანოს, საკუთრება იყო. ლენი კრავიცმა კი როკ-ვარსკვლავის ვილად აქცია იგი. დღეს იქ ყველაფერი ლენის ხელწერითაა შექმნილი.
ამ სივრცეში შეხვდებით როგორც გრემის ჯილდოებსა და ლეგენდარული მუსიკოსების ნივთებს, ისე პატარა ბარს, რომელიც ბნელ ოთახშია მოწყობილი და ძველი ფრანგული ბისტროს მაგიდებით თუ 1940-იანი წლების დისკოს ბურთით არის გაფორმებული. ეს ის ადგილია, სადაც ზოი კრავიცს მეგობრებთან ერთად არაერთი საღამო გაუტარებია.
ლენი კრავიცი ნიუ-იორკში გაიზარდა, სადაც ბრუკლინსა და მანჰეტენზე გატარებულმა წლებმა მისი დიზაინისადმი სიყვარული და პერსონალური ხედვა ჩამოაყალიბა. მომღერალმა 2003 წელს დააარსა Kravitz Design, რომლის მიერ შექმნილი უამრავი ნივთი დღეს პარიზის სახლს ამშვენებს. ლენის დიზაინის კომპანიამ Steinway & Sons-თან ერთად ხელნაკეთი როიალების კოლექციაც შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ პარიზულ ვილაში, გრანდიოზული კიბის ქვეშ დგას.
რაც მთავარია, სახლი მხოლოდ არქიტექტურისა და დიზაინის შედევრი არ არის – ის ლენის ოჯახის ისტორიის საცავია. კედლები სავსეა კრავიცის საყვარელი ადამიანების პორტრეტებით. ბიბლიოთეკაში მისი ნათლიის, მომღერალ დაიენ კეროლის პორტრეტი კიდია, სარდაფში კი მაილზ დევისის ტყავის ქურთუკი ინახება.
სასადილო ოთახში კარლ სპრინგერის მაგიდა და Afra and Tobia Scarpa-ს 16 სკამი დგას. კედელს კი, კრავიცის ბაბუის ფოტო ამშვენებს, რომელიც რუვენ აფანადორის მიერ არის გადაღებული. ჭაღი Baccarat-ის დიზაინია. ლენი კრავიცი ხშირად აწყობს წვეულებებს ამ ოთახში და სადილზე საინტერესო ადამიანებს ეპატიჟება.