#მოდა

აისელ ჰუსეინოვა აზერბაიჯანის მერსედეს-ბენცის კვირეულის შესახებ

გაზიარება:

სამი დღის განმავლობაში ბაქო მოდის რეგიონულ ცენტრად გადაიქცა. აზერბაიჯანის დედაქალმა 15-17 მაისს Mercedes-Benz-ის სადებიუტო მოდის კვირეულს უმასპინძლა. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აისელ ჰუსეინოვა, TheDiary-სთან ინტერვიუში ღონისძიების მნიშვნელობაზე, ბაქოს როგორც კულტურული პლატფორმის გაძლიერებაზე და ადგილობრივი დიზაინერების მხარდაჭერის გეგმებზე საუბრობს.

 Aysel Huseynova, აისელ ჰუსეინოვა, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

აისელ, საიდან გაჩნდა Mercedes-Benz Fashion Week-ის ჩატარების იდეა?

აისელი: Mercedes-Benz Fashion Week-ის აზერბაიჯანში ჩატარების იდეა დაიბადა რწმენიდან, რომ ჩვენს დიზაინერებს უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ, ხოლო ჩვენი ქვეყანა ღრმა კულტურული შთაგონების წყაროა.

უკვე წლებია, რაც აზერბაიჯანი გლობალურ შემოქმედებით რუკაზე იმკვიდრებს ადგილს, იქნება ეს მუსიკის და ხელოვნების, თუ მოდის სფეროს გავლით.

კვირეულის ჩასატარებლად ახლა იდეალური დროა. გვყავს ახალი თაობის დიზაინერები, რომლებსაც სურთ მათი ნამუშევრები მსოფლიომ იხილოს. ამასთანავე, რეგიონისადმი საერთაშორისო ინტერესი იზრდება. ბაქო ყოველთვის იყო კულტურული გზაჯვარედინი, ახლა კი მზად არის, რომ რეგიონის მასშტაბით მოდის დედაქალაქი გახდეს.

 Aysel Huseynova, აისელ ჰუსეინოვა, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული,Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

რა გზავნილს ატარებს მერსედეს-ბენც მოდის კვირეული?

აისელი: ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ ტრადიციების კი არა, არამედ სიახლეებისა და განვითარების ქვეყანაა. MBFW Azerbaijan-ის მეშვეობით ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ჩვენი შემოქმედება თამამი, თანამედროვე და აქტუალურია. სხვა ქვეყნების დიზაინერებთან ერთად სცენის გაზიარებით ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ მასპინძელი კი არა, არამედ საერთაშორისო მოდის დიალოგის აქტიური მონაწილეა. გვსურს, რომ ბაქო მსოფლიოს წინაშე წარსდგეს როგორც ადგილი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთდება, ხოლო ინოვაცია და ტრადიცია ჰარმონიულად თანაარსებობს.

 Aysel Huseynova, აისელ ჰუსეინოვა, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული,Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ღონისძიების ორგანიზებისას?

აისელი: მთელი ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო – დაწყებული სივრცის შერჩევითა და პროგრამის შედგენით, დასრულებული საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით. ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ის, თუ როგორ შეხვდნენ ადგილობრივი დიზაინერები ამ სიახლეს. მათ ეს შანსი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს და კარგად იაზრებენ ამ პლატფორმის მნიშვნელობას. ჩვენთვის მოტივაციაა ისიც, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამ მომენტს დიდი ხანია ელოდნენ. არსებობს დიდი ინტერესი აზერბაიჯანისა და მისი შემოქმედებითი საზოგადოების მიმართ.

Mercedes-Benz-თან თანამშრომლობა ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენს პოტენციალში.

 Aysel Huseynova, აისელ ჰუსეინოვა, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული,Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

როგორ დაეხმარება ეს ღონისძიება ადგილობრივ დიზაინერებს განვითარებაში?

აისელი: ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ ძლიერი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც აზერბაიჯანელ დიზაინერებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი. MBFW Azerbaijan პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც დიზაინერები საჭირო კონტაქტებს დაამყარებენ. ღონისძიების ფარგლებს მიღმაც ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადგილობრივ დიზაინერებს რეალური და ეფექტიანი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. როგორც აზერბაიჯანის მოდის დიზაინერების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პირადად ვცდილობ დავამკვიდრო გრძელვადიანი განვითარების სისტემა, რომლის ფარგლებშიც დიზაინერებს ექნებათ წვდომა მენტორებთან, რესურსებთან და საერთაშორისო აუდიტორიასთან. ეს მოდის კვირეული ამ მისიის მხოლოდ დასაწყისია.

კვირეულის განუყოფელი ნაწილია AI-ის ელემენტები. საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა და როგორ ხედავთ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მოდის მომავალს?

აისელი: მოდა დროის ანარეკლია, ხოლო ჩვენ ციფრული გარდაქმნების ეპოქაში ვცხოვრობთ. AI-ის, გაფართოებული რეალობისა და სხვა ციფრული ელემენტების ინტეგრაცია ბუნებრივად მოხდა. ეს ტექნოლოგიები დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი კოლექციები წარმოსახვაში გააცოცხლონ და აუდიტორიას თავიანთი მოდა პოდიუმის მიღმაც დაანახონ. გვჯერა, რომ მოდის კვირეულების მომავალი ჰიბრიდული იქნება, რაც ხელოვნებისა და ინოვაციის, ემოციისა და ინტერაქციულობის შერწყმით მიიღწევა. ჩვენი მისიაა, რომ აზერბაიჯანი ამ ევოლუციის წინა ხაზზე იდგეს.

ზევით