1966 წლის გარდამტეხი მომენტი იყო ბრენდისთვის, როდესაც Yves Saint Laurent-მა Rive Gauche-ის ხაზით მაღალი მოდა პარიზის სალონებიდან ქუჩაში გაიყვანა. Pre-Fall 2025-ის კოლექცია სწორედ ამ მეხსიერებასა და თანამედროვეობას შორის ამყარებს წონასწორობას.

ენტონი ვაკარელოსთვის მოდა არასდროს ყოფილა გადაჭარბებული ემოციების ან დროებითი ყურადღების საკითხი. ის აგრძელებს Saint Laurent-ის მემკვიდრეობას, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. Pre-Fall 2025-ის კოლექციაში კუბოკრული პიჯაკები აბრეშუმის ქვედაბოლოებთან არის შეხამებული – ვიზუალური დიალოგი, რომლის მეშვეობითაც კრეატიული დირექტორი ყოველდღიურობასა და ელეგანტურობას შორის არსებული საზღვრების წაშლას ცდილობს, თითქოს ტანსაცმელი საკუთარ თავში ატარებს არჩევანის თავისუფლებას.

ვაკარელო არ ცდილობს 1966 წლის რეკონსტრუქციას – ის ამ პერიოდს ახლებური ინტერპრეტაციით წარმოსახავს. აცნობიერებს, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ისიც იცის, რომ ქალების ყოველდღიური ცხოვრება დღეს სხვა ტემპით ვითარდება. მოდა, მისი ხედვით, აღარ არის მხოლოდ ოცნებისთვის განკუთვნილი სივრცე – ის რეალურ სიბრტყეზე უნდა იდგეს, თუმცა ამავდროულად ოცნების უფლება არ უნდა წაართვას.

ეს კოლექცია ნოსტალგიაზე არ დგას. ის იმ ვიზუალური კოდების განახლებას ცდილობს, რომლებიც Saint Laurent-ის სახლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო – სილუეტის სიზუსტე, თავშეკავებული პროვოკაცია და სტილის სიმარტივე. დღეს ამ კოდების ინტეგრირება თანამედროვე ქალის ყოველდღიურ გარდერობში ხდება.

ვაკარელოს Saint Laurent-ი შორიდან მოპოვებულ აღტაცებას არ ეძებს – ის თავად გეპატიჟება თავშეკავებული თავდაჯერებით, გამოკვეთილი სილუეტებითა და იმ ბუნებრიობით, რომელიც ტანსაცმელს მხოლოდ მაშინ ეძლევა, როდესაც ის ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა. ამ მიდგომას ზუსტად აგრძელებს Pre-Fall 2025-ის კამპანიაც, რომლის ერთ-ერთი სახეა მატილდა გვარლიანი – და არავინ, ისე როგორც მატილდა, არ ირგებს ვაკარელოს ამ თავშეკავებულ ამბოხს.