აზერბაიჯან–სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება: რეგიონის სტაბილურობა, ძალთა გადანაწილება და საქართველოს ადგილი

სომხეთ აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება, ტრამპი, ზანზეგურის კორიდორი

სანამ საქართველოში კვლავ განიხილავდნენ, დაიწყო თუ არა რუსეთ–საქართველოს ომი 7 თუ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში ხელი მოეწერა რეგიონისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამშვიდობო შეთანხმებას. აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული ეს დოკუმენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შესაძლოა გახდეს დონალდ ტრამპის ყველაზე გამორჩეული საგარეო-პოლიტიკური მიღწევა და გააძლიეროს მისი შანსი ნობელის მშვიდობის პრემიის მოსაპოვებლად.

შეთანხმების ცენტრშია სატრანსპორტო კორიდორი ზანგეზური, რომელსაც ეწოდება „Trump Route for International Peace and Prosperity“ (TRIPP). ის აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკასთან დააკავშირებს, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება. პროექტი გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე და მიზნად ისახავს რეგიონში ინტეგრირებული სატრანსპორტო ქსელის ჩამოყალიბებას.

დოკუმენტში გათვალისწინებულია საზღვრების ურთიერთაღიარება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საზღვრისპირა ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ნაბიჯები შეამცირებს სატრანზიტო შეფერხებებს, გააფართოებს სავაჭრო მარშრუტებს და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს ლოგისტიკაში, ენერგეტიკაში და კომუნიკაციებში.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ცვლილება მნიშვნელოვანია. ისტორიულად, სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობებში მთავარი შუამავალი რუსეთი იყო, თუმცა ახალ ჩარჩოში მოსკოვი საერთოდ არ ფიგურირებს. აშშ იღებს უშუალო კონტროლს სტრატეგიულ სატრანსპორტო კორიდორზე, რაც ამცირებს კრემლის ბერკეტებს სამხრეთ კავკასიაში და ზრდის დასავლეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებსა და უსაფრთხოების საკითხებში.

ახლა კი საქართველოს პერსპექტივიდან შევაფასოთ, რა შეიძლება მოუტანოს ამ შეთანხმებამ ქართულ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიები სხვადასხვა კუთხით მიმდინარეობს, გლობალურ ჭრილში სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენის გაძლიერება ქვეყნისთვის წესით დადებითად უნდა შეფასდეს. The Washington Examiner-ის ანალიზის მიხედვით, საქართველოსთვის შედეგები არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური. სტაბილური გარემოს შემთხვევაში, ქვეყნის შავი ზღვის პორტები, სარკინიგზო ქსელი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დამატებით დატვირთვასა და შემოსავალს მიიღებს. თუმცა მთავარი ასპექტი მაინც რუსეთის პირდაპირი გავლენის შესუსტებაა სამხრეთ კავკასიაში. ათწლეულების განმავლობაში რეგიონში კონფლიქტები გამოწვეული იყო მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ჩარევით. ამ ტენდენციის ცვლილებამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს უფრო სტაბილურ პერიოდს, სადაც საქართველოსთვის დასავლეთისკენ მკაფიო კურსის არჩევა გახდება არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ აუცილებელი პირობა როგორც უსაფრთხოებისთვის, ისე განვითარებისათვის.

შეთანხმების გრძელვადიანი ეფექტი დამოკიდებული იქნება შესრულების თანმიმდევრულობაზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე. თუ ეს პირობები დაკმაყოფილდა, დოკუმენტი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ აზერბაიჯან–სომხეთის ურთიერთობების სტაბილიზაციის, არამედ სავაჭრო დინამიკის ცვლილების, რუსეთისგან დამოკიდებულების შემცირების და საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობების წყარო.

ზევით